გელა თიგიშვილი

უფროსი სერჟანტი გელა თიგიშვილი

g.togishviliვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.

გელა თიგიშვილი  ცხინვალთან,  რუსეთის საავიაციო იერიშის დროს დაიღუპა. მოწინავე პოზიციაზე მდგარა თანამებრძოლებთან ერთად. არავინ იც­ის, სნაიპერმა იმსხვერპლა თუ ჭურვმა. ბიჭებმა ის უკანასკნელად ბრძოლის ველზე გარდაცვლილი ნახეს, მაგრამ ცხელი წერტილიდან ვერ გამოიყვანეს. ოჯახმა ის უნახავად დაიტირა. ბოლო საუბარი მეუღლესთან 7 აგვისტოს ჰქონდა.

ირმა ჯაფარიძე, მეუღლე: „6 აგვისტო რომ თენდებოდა, გამოიძახეს და მას შემდეგ აღარ მინახავს. სახლიდან გასვლის წინ და შემოსვლისას ერთმანეთს ვკოცნიდით ხოლმე. იმ ღამესაც კოცნით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. სახლიდან რომ გავიდა, ისე მშვიდად დამეძინა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა, უბედურება დაგვმართოდა. რომ დავრეკე, მითხრა, გორში ვარო და ცხინვალთან ყოფილა. ეგ რომ ნამდვილად გორში ყოფილიყო, დღეს ცოცხალი იქნებოდა. ბევრი ამბობს, მკვდარი ვნახეთ გელაო, მაგრამ გარდაცვლილი ვერავინ იპოვა. გადმოცემითა და ვერსიებით ვიცი, რომ სამხედრო პიკაპში მასთან ერთად კიდევ ოთხი სამხედრო იჯდა… ვინც მას ახლდა, ყველა ცოცხალია. საჰაერო დაბომბვა რომ დაიწყო, დაიფანტნენ. სნაიპერმა მოკლა თუ დაიბომბა, არაფერი არ არის ცნობილი. 7 აგვისტოს ველაპარაკე ბოლოს და მას შემდეგ აღარანაირი კავშირი არ მქონია.

სულით მებრძოლი ადამიანი იყო ჩემი ქმარი და ზუსტად ვიცი, არაფერზე უკან არ დაიხევდა.

წოდებით უმცროსი სერჟანტი იყო. ვაზიანის მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა. ჯერ უზრუნველყოფის ბატა­ლიონში დაიწყო მუშაობა, მერე კავშირგაბმულობაში გად­ავიდა. ძალიან უყვარდა თავისი საქმე. სულით პატრიოტი იყო“.

გელა თიგიშვილი 1972 წლის 25 მაისს სოფელ კოდისწყაროში დაიბადა. 14 წლის რომ იყო, თბილისში წამოვიდა სოფლიდან. ფიზკულტურულზე სწავლობდა.

სავალდებულო სამსახურში უკრაინაში გაიწვიეს. წელიწადი და 6 თვე თბილისში იმსახურა. აფხაზეთის ომშიც იბრძოდა. კოსოვოც მოიარა.

ირმა ჯაფარიძე, მეუღლე: „ცოლად რომ გავყევი, აფხაზეთი უკვე მოვლილი ჰქონდა და სამხედრო პოლიციაში მუშაობდა. ერთად 15 წელი ვიცხოვრეთ. ორი შვილი გვყავს – ბიჭები. უფროსი 16 წლის არის. პატარა – 11-ის. ჯარი მისი მოწოდება იყო. მებრძოლი სულის ადამიანი იყო. კონტრაქტის დასრულებამდე ორი წელი ჰქონდა დარჩენილი და ამბობდა, გავაგრძელებ კიდეცო. 36 წლის დაიღუპა.

ისე უცბად მოხდა ყველაფერი, რომ ახლაც სიზმარში მგონია თავი“.

გელას ბევრი ოცნება დარჩა აუხდენელი. შვილებისთვის მომავლის აწყობას გეგმავდაო, – იხსენებს მეუღლე. გელამ შვილებს ვაჟკაცის სახელი დაუტოვა, სამშობლოს კი უსაფლავო გმირად ჩაბარდა სამუდამო ტყვეობაში.

http://www.ptpress.ge

2012 წლის 3 აგვისტო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

დნმ-ის ანალიზის შედეგების შესაბამისად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების -სერჟანტ ზურაბ გიორგის ძე ტურაშვილისა და უფროსი სერჟანტის გელა ვაჟას ძე თიგიშვილის იდენტიფიცირება მოხდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გმირულად დაღუპულთა ოჯახებს.

სამხედრო მოსამსახურეები IV ქვეით ბრიგადაში მსახურობდნენ – სერჟანტი ტურაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან ირიცხებოდა, უფროსი სერჟანტი თიგიშვილი – 2006 წლიდან. მათ  მიღებული აქვთ  ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი,  მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“.

დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.

facebook
google+
vk