Rustaveli Heroes
En

ქა

დაკავებული
ნაწამები
ძალადობა
პატიმარი
ლ. მაღლაკელიძე
ლაზარე
მაღლაკელიძე

ლაზარე მაღლაკელიძე, საპიენცას უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხის სტუდენტი გამოყენებითი კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, 2024 წლის 2 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ანტისამთავრობო გამოსვლის დროს, დააკავეს და აწამეს. მას ბრალად ედებოდა წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და პოლიციელის შეურაცხყოფა.

Loading...

ლაზარე იხსენებს, როგორ დაიწყეს მისი ცემა დაპატიმრების დროს, იგი მიწაზე დაწვა და თავზე ხელები დაიფარა. სპეცრაზმმა ამოაცალა ყველაფერი რაც თან ჰქონდა, მათ შორის საფულე და ტელეფონი, წაართვეს ზურგჩანთაც, რომელშიც პირადი ნივთები ჰქონდა. ცემის შემდეგ ლაზარე გადაიყვანეს მიკროავტობუსში, რომელსაც დაკავებულების საწამებლად იყენებენ. სპეცრაზმელები კოორდინირებულად ეძებდნენ ადგილს, სადაც კამერები არ იქნებოდა. ამ მიკროავტობუსებში სკამების დიდი ნაწილი ამოცლილია, რომ სივრცე იყოს და შიგნით ხალხს ფიზიკურად უსწორდებიან. ლაზარემ აღნიშნა რომ ეს არ არის რომელიმე სპეცრაზმელის სპონტანური გადაწყვეტილება ან ადგილზე გამოგონება: ყველა სპეცრაზმელმა იცის, რომ ვისაც დააკავებენ, იქ უნდა შეიყვანონ, ცემონ და ასე ვთქვათ "დაამუშაონ". დაკავებული აღწერს თუ როგორ ურტყამდნენ ჯერ ფეხებში, შემდეგ კი ორი კაცი იჭერდა ხელებით და სახეში ურტყამდა.

ლაზარე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ტვინის შერყევა დაუდგინდა და ცხვირის ოპერაცია დაჭირდა.

Loading...

«როცა დამიჭირეს, პირველი რაც გავაკეთე, ძირს დავწექი და თავზე ხელები დავიფარე. ძირს დაწოლილს რამდენიმე წიხლი მომხვდა, რაც რამე მქონდა ჯიბეებში, ყველაფერი ამომაცალეს»

ლაზარე მაღლაკელიძე

მის მიმართ შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების საფუძველზე. საქმე განიხილა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ. ჩვენება მისცა ორმა პოლიციელმა, თუმცა არცერთი მათგანი არ იყო ლაზარეს რეალური დამკავებელი. დაცვის მხარემ წარმოადგინა ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა პოლიციელთა ჩვენებებს. მოსამართლემ ლაზარე მაღალკელიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით სამართალწარმოება შეწყვიტა, ხოლო 173-ე მუხლის პირველი ნაწილით სამართალდამრღვევად სცნო და შეეფარდა სიტყვიერი შენიშვნა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება პოლიციის უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტზე, რადგან ლაზარეს შემთხვევა შესაძლოა შეფასებული იყოს, როგორც წამება და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ფიგურირებენ თვითმხილველები, რომლებიც იმყოფებოდნენ მასთან ერთად მიკროავტობუსში და შეუძლიათ ამოიცნონ სპეცრაზმელების მეთაური, რომელიც ლაზარეს მიმართ ჩადენილი დანაშაულის მონაწილეა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დღემდე არ მომხდარა ამ პოლიციელების იდენტიფიცირება და დაკავება. ლაზარეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს, თუმცა არ დაუკისრებია სპეცრაზმელებზე პასუხისმგებლობა, რაც ადასტურებს სისტემური პრობლემის არსებობას.