Rustaveli Heroes
En

ქა

დაკავებული
ნაწამები
ძალადობა
პატიმარი
ს. მეფარიშვილი
საბა
მეფარიშვილი

საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი, 23 და 19 წლის ახალგაზრდები, 2024 წლის მაისში თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ისინი ბრალდებულნი არიან საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი რკინის ჯებირის ჯგუფურად დაზიანებაში, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდებულების ოჯახის წევრებმა გააპროტესტეს.

«არაფრის გამო უშვებენ პატიმრობაში, 400-ლარიანი "ჟეშტის" განგრევის გამო დააკავეს და გირაოთიც არ უშვებენ»

შორენა როხვაძე, საბა მეფარიშვილის დედა

აქციის დროს, მეფარიშვილმა და ოკრიბელაშვილმა, სხვა პირებთან ერთად, ფიზიკური ძალისა და რკინის საგნების გამოყენებით, დააზიანეს ჯებირი, რომლის ღირებულება 400 ლარს შეადგენს. თავდაპირველად, ორივე ბრალდებული ნაწილობრივ აღიარებდა ჯებირის დაზიანებას, თუმცა უარყოფდნენ ჯგუფურად მოქმედებას. საქმის პროკურორი, ნუგზარ ჭიტაძე, არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას და ამტკიცებს, რომ მტკიცებულებები ჯგუფურ დანაშაულზე მიუთითებს. პროკურატურა ბრალდებულებს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

«… გამიჩნდა დაზიანების სურვილი იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება არ აქცევს ხალხს ყურადღებას, აკეთებს ისე, როგორც თავად უნდა… ვიყავი საქართველოსთვის… მინდოდა რუსული კანონის უკან წაღება»

საბა მეფარიშვილი

«…რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე ვიყავი და დავინახე, ახალგაზრდა ბავშვი როგორ გაიტაცეს, მე ამას გატაცებას ვერ დავარქმევდი, უფრო დავარქმევდი ჰაერში აგდებას, როცა ადამიანს იტაცებს, მაშასადამე ესაა იგივე პროვოკაცია, ჩემი აზრით. განაცხადა ომარ ოკრიბელაშვილმა პროცესზე.»

ომარ ოკრიბელაშვილი

20 იანვარს სასამართლო სხდომაზე საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა აღიარეს მათ მიმართ წაყენებული ბრალი. პროკურატურა მათ 400-ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავება, და როგორც პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ დაადასტურა, ბრალდებულებმა ზიანიც აანაზღაურეს. საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობა პირველად 13 იანვრის სხდომაზე განიხილეს.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შედეგად, ეს სასჯელი 2 წელი და 6 თვე გახდა. აქედან მსჯავრდადებულებს 1,5 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ.

Loading...

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, დაცვის მხარემ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების სურვილი გამოთქვა. პროკურორმა განაცხადა, რომ პროკურატურა ვალდებულია ეს მოთხოვნა განიხილოს.

საქმეში რამდენიმე საეჭვო გარემოება იკვეთება. უპირველეს ყოვლისა, გაუგებარია, რატომ ჩაითვალა 400-ლარიანი ჯებირის დაზიანება ჯგუფურ დანაშაულად. ასევე, საეჭვოა, რატომ შეუფარდა სასამართლომ პატიმრობა ახალგაზრდებს, რომლებსაც წარსულში კანონთან პრობლემები არ ჰქონიათ.

საბოლოო ჯამში, ოკრიბელაშვილისა და მეფარიშვილის საქმე ბადებს კითხვებს სასამართლო პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებით და შესაძლოა, წარმოადგენდეს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა დაშინების მცდელობას.

Loading...