Rustaveli Heroes
En

ქა

დაკავებული
ნაწამები
ძალადობა
პატიმარი
ა. ჩეჩინი
ანტონ
ჩეჩინი

ანტონ ჩეჩინი, 26 წლის რუსეთის მოქალაქე, იძულებული გახდა დაეტოვებინა რუსეთის ფედერაცია უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ და თავშესაფარი საქართველოში ეძებნა. რუსეთში ყოფნისას, იგი მონაწილეობდა ანტიპუტინურ საპროტესტო აქციებში, მხარს უჭერდა ნავალნის პოლიტიკურ მოძრაობას და არაერთხელ იყო დაკავებული სამართალდამცავი ორგანოების მიერ. აღსანიშნავია, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთში მისი უფლებები დარღვეული იყო. საქართველოში გადმოსვლის შემდეგ, ჩეჩინი აგრძელებდა საზოგადოებრივ აქტივიზმს და მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, მათ შორის "რუსული კანონის" მიღების წინააღმდეგ. იგი დააჯარიმეს საგაზაფხულო საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის.

2024 წლის 18 ნოემბერს ჩეჩინი დააკავეს და გააფრთხილეს მოსალოდნელი "უარყოფითი შედეგების" შესახებ, თუკი იგი არ შეწყვეტდა საპროტესტო აქტივობებში მონაწილეობას. აღნიშნული გაფრთხილება, სავარაუდოდ, მისი შემდგომი დაპატიმრებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის წინაპირობა იყო.

«ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩანს, რა აბსურდულიც არის ყველაფერი»

ჩეჩინის მეუღლე

2024 წლის 3 დეკემბერს, იგი დააკავეს ნარკოტიკული ნივთიერების, 4.3369 გრამი α-PVP-ის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით. ბრალდებულის განცხადებით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მას სამართალდამცავმა ორგანოებმა "ჩაუდეს".

Loading...

გამოძიება დაიწყო "კონფიდენციალური წყაროს" მიერ მოწოდებული "ოპერატიული ინფორმაციის" საფუძველზე. დეტექტივმა ედგარ ოგანესიანმა წარმოადგინა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჩეჩინი იყო ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი და მათ უკანონოდ ყიდულობდა და ინახავდა. 2024 წლის 3 დეკემბერს, გამომძიებელმა არჩილ ნაცვლიშვილმა გამოსცა დადგენილება "გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ".

ჩხრეკა ჩატარდა ანტონ ჩეჩინის საცხოვრებელ მისამართზე. ოქმში აღნიშნულია, რომ ჩხრეკა მიმდინარეობდა ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის ფონზე და მისი ქურთუკის ჯიბეში აღმოჩენილ იქნა პოლიეთილენის პარკი, რომელშიც იყო ნარკოტიკულ ნივთიერება.

Loading...

2024 წლის 3 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა შამათავამ კანონიერად ცნო ანტონ ჩეჩინის "გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში" ჩატარებული პირადი ჩხრეკა. 2024 წლის 5 დეკემბერს, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ დააკმაყოფილა პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის შუამდგომლობა და ანტონ ჩეჩინის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენა პატიმრობა.

საქმის მასალების მიხედვით, მოწმის სახით გამოიკითხნენ დეტექტივი ზურაბ რუსიშვილი და თარჯიმანი შორენა ტაბატაძე, რომელმაც სიტყვასიტყვით გაიმეორა გამოძიების ვერსია ჩხრეკის გარემოებებისა და ნარკოტიკული საშუალების "ამოღების" შესახებ.

რა შესაძლო დარღვევები გამოიკვეთა?

  • დროში შეუსაბამობა: ჩხრეკის დაწყებასა და დეტექტივის გამოკითხვას შორის მცირე დროის ინტერვალი (ოთხი წუთი) აჩენს საფუძვლიან ეჭვებს ჩხრეკის კანონიერებასთან დაკავშირებით. საეჭვოა, რომ გამომძიებელს ჰქონოდა შესაძლებლობა, ამ მცირე დროში გასცნობოდა ოქმს, მოეგროვებინა მონაცემები, შეედგინა დადგენილება და განეხორციელებინა სხვა აუცილებელი პროცედურები.
  • ვიდეო მტკიცებულება: სადარბაზოს ვიდეოკამერის ჩანაწერის თანახმად, ანტონ ჩეჩინის დაკავება და ჩხრეკა დაიწყო 09:48 საათზე, რაც ეწინააღმდეგება ოქმში მითითებულ 10:00 საათს. ეს გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ ჩხრეკა დაიწყო მანამ, სანამ გამოძიებას გააჩნდა მისი ჩატარების სამართლებრივი საფუძველი.
  • თარჯიმნის როლი: თარჯიმნის გამოკითხვა მოწმის სახით იწვევს კითხვებს, ვინაიდან თარჯიმნის ფუნქცია არის ჩვენების ან დოკუმენტის ზუსტი თარგმნა და არა ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება.
  • თარჯიმნის დამოკიდებულება: გამოვლინდა, რომ თარჯიმანი შორენა ტაბატაძე დასაქმებულია კომპანიაში, რომელიც რეგულარულად უწევს სათარჯიმნო მომსახურებას შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაც აჩენს ეჭვებს მის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა თარჯიმნის გამოკითხვის ოქმის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე.

«ერთი მაინც თუ გადმოვა ნათელ მხარეზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს სისტემის დაშლისთვის»

ჩეჩინის მეუღლე

ანტონ ჩეჩინის საქმეში გამოვლენილი დარღვევები მიუთითებს იმაზე, რომ მისი დაკავება და წაყენებული ბრალდება, შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული იყოს და მიზნად ისახავდეს მის დასჯას საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო. მოცემული საქმე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების "ჩადების" პრობლემას და სამართალდამცავი სისტემის შესაძლო ბოროტად გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის.