Rustaveli Heroes
En

ქა

დაკავებული
ნაწამები
ძალადობა
პატიმარი
ნ. ჯავახიშვილი
ნიკოლოზ
ჯავახიშვილი

20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი, დიჯეი სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, 2024 წლის 30 ნოემბერს, პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების დაწყებიდან ორ დღეში დააკავეს. ის ერთ-ერთია იმ რვა ახალგაზრდიდან, რომელთა წინააღმდეგ აღძრულ საქმეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს და მიიჩნევს, რომ მისი მიზანი საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისა და სტუდენტების დაშინებაა. ნიკოლოზ ჯავახიშვილის საქმე გამორჩეულია იმით, რომ მას, სხვებისგან განსხვავებით, არა ქვის, არამედ პიროტექნიკის სროლას ედავებიან.

მას ბრალი წაუყენეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის (სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილი), რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმის მიმდინარეობისას ნიკოლოზი დუმილის უფლებას იყენებს. ბრალდების მხარე ეყრდნობა ვიდეოს, რომელშიც ჩანს ყავისფერ პლედ და საქართველოს დროშაშემოხვეული ახალგაზრდა, რომელიც პიროტექნიკით ხელში გარბის და ისვრის მას.

«ჰაბიტოსკოპიური დასკვნაა საქმეში, თითქოს ეს იყო ნიკოლოზ ჯავახიშვილი, კადრებში მარტო ერთი ორგანო ჩანს და ამაზე დაყრდნობით თქვეს, რომ ისაა. ამაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ რა კადრებია, როდისაა გადაღებული და ვინ გადაიღო, გაურკვეველია. 21 წელს მიუღწეველ ადამიანებს ვასამართლებთ, არ შეიძლება ერთი ფურცლით დააკავოთ»

ადვოკატი სოფიო გორდაძე

ამას ემატება „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანალიზი, რომლის მიხედვითაც, ამ საქმეში გამოყენებული ვიდეო მტკიცებულებები, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით, კანონის დარღვევითაა მოპოვებული და შესაბამისად, დაუშვებელია („მოწამლული ხის ნაყოფის“ დოქტრინა). ორგანიზაცია ასევე ხაზს უსვამს, რომ ჯგუფური ძალადობის ბრალდება (სსკ 225-ე მუხლი) უსაფუძვლოა, რადგან ის მოითხოვს წინასწარ ორგანიზებული ჯგუფის არსებობას, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება - ბრალდებულთა უმრავლესობა ერთმანეთს არც კი იცნობდა. ასევე, ვერ დგინდება მიზეზობრივი კავშირი ჯავახიშვილის სავარაუდო ქმედებასა (პიროტექნიკის სროლა) და რომელიმე კონკრეტული პოლიციელის დაზიანებას შორის.

ბრძოლა გისოსებს მიღმა: შიმშილობა და პროტესტი

ნიკოლოზ ჯავახიშვილის ბრძოლა მხოლოდ სასამართლო დარბაზით არ შემოფარგლულა. პატიმრობაში ყოფნისას მან ორჯერ დაიწყო შიმშილობა. პირველად, 2025 წლის 22 იანვარს, მან შიმშილობა გამოაცხადა ჟურნალისტის და „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად, რომელიც ასევე დააკავეს და პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. ამ შიმშილობის გამო, როგორც მისი ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი და უფლებადამცველები აცხადებდნენ, ნიკოლოზი დასაჯეს - გადაიყვანეს სამარტოო საკანში (#27), სადაც, მისივე თქმით, "არანაირი პირობები არ არის" და წაართვეს ტელევიზორიც

Loading...

«მე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი... ვიმყოფები 27-ე საკანში მარტო... მსჯიან იმის გამო, რომ ვშიმშილობ მე-3 დღეა»

ნიკოლოზ ჯავახიშვილი

ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო (ადვოკატის თქმით, 16 კგ დაიკლო და ორჯერ გული წაუვიდა), მან 27 იანვარს შიმშილობა შეწყვიტა.

Loading...

თუმცა, 4 თებერვალს ნიკოლოზმა კვლავ დაიწყო შიმშილობა, ამჯერად "არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ დაუმორჩილებლობის" გამოსახატად. ციხიდან გამოგზავნილ წერილში ის წერდა:

«არ ვიცი, რამდენად შევძლებ დაუმორჩილებლობას აქედან, მაგრამ შიმშილობით მაინც ვეცდები. ჩემი პასუხია „შეტევაზე - შეტევით“. არ დავიხევთ არცერთი ნაბიჯით უკან... ეს რეჟიმი ჩამოინგრევა, ჩვენც გამოვალთ და სამართალი იზეიმებს... მინდა თხოვნით მოგიწოდოთ, სრული დაუმორჩილებლობისკენ და არდანებებისკენ, გავიმარჯვებთ სახელოვნად»

ნიკოლოზ ჯავახიშვილის წერილიდან

ეს შიმშილობაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეწყდა.

Loading...

ნიკოლოზ ჯავახიშვილის საქმე, ისევე როგორც ამ ჯგუფის სხვა წევრებისა, წარმოაჩენს სურათს, სადაც ახალგაზრდა აქტივისტები ხვდებიან სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ სადავო მტკიცებულებებისა და იურიდიულად სუსტი ბრალდებების საფუძველზე, რაც აძლიერებს ეჭვებს საქმის პოლიტიკურ მოტივაციაზე. მისი ბრძოლა პატიმრობიდან, შიმშილობის აქტებითა და შეუპოვარი წერილებით, რეჟიმისადმი წინააღმდეგობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის კიდევ ერთ მაგალითად იქცა.