Rustaveli Heroes
En

ქა

დაკავებული
ნაწამები
ძალადობა
პატიმარი
ი. ალიევი
ინსაფ
ალიევი

34 წლის ინსაფ ალიევი, აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქე, ერთ-ერთია იმ რვა პროტესტის მონაწილეს შორის, რომელთა წინააღმდეგ აღძრულ საქმეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს. ორგანიზაციის აზრით, ეს დევნა მიზნად ისახავს საზოგადოების, განსაკუთრებით კი სტუდენტებისა და ახალგაზრდების დაშინებას, ხოლო კონკრეტულად ალიევის ბრალდება, შესაძლოა, ეთნიკური უმცირესობებისთვის გაგზავნილი სიგნალიც იყოს. ინსაფ ალიევი, რომელიც რამდენიმე წლის წინ რუსეთიდან ჩამოვიდა, ცოლთან და ორ შვილთან ერთად სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობს და თვითდასაქმებულია. მისი ადვოკატის, ორხან ალიევის თქმით, ინსაფ ალიევი ვერ საუბრობს და არ ესმის ქართული ენა.

ალიევი პარლამენტთან გამართული აქციების დროს დააკავეს. მას, თორნიკე გოშაძესა და კიდევ სამ პირთან ერთად, პროკურატურამ ბრალი წაუყენა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის (სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილი), რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ადვოკატის განმარტებით, ალიევი რუსთაველზე შემთხვევით მოხვდა და აქციაში არ მონაწილეობდა, თუმცა წყლის ჭავლის შესხმის შემდეგ "გაბრაზდა".

ბრალდების მხარე ეყრდნობა ვიდეოკადრებს, სადაც, მათი მტკიცებით, ინსაფ ალიევი (შავჰუდიანი კაცი) ორჯერ ისვრის ქვას და პერიოდულად ბარიკადებს ეფარება. თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიზის თანახმად, რომელიც მთლიანად ამ 8 პირის საქმეს ეხება, ასეთი ვიდეომასალა, სავარაუდოდ, ფარული მიყურადების გზით, კანონის დარღვევითაა მოპოვებული და შესაბამისად, დაუშვებელ მტკიცებულებას წარმოადგენს („მოწამლული ხის ნაყოფის“ დოქტრინა).

გარდა მტკიცებულებების სადავო წარმომავლობისა, ალიევის ადვოკატი ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს იმის გამოც, რომ ენის ბარიერის გამო მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფიზიკურად ვერ დაამყარებდა კომუნიკაციას ჯგუფური ძალადობის სავარაუდო სხვა წევრებთან და, შესაბამისად, ვერ მიიღებდა მონაწილეობას ორგანიზებულ ჯგუფურ ქმედებაში. ეს არგუმენტი თანხვედრაშია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დასკვნასთან, რომლის მიხედვითაც, მთელ საქმეში არ არსებობს წინასწარ ორგანიზებული ჯგუფის არსებობის მტკიცებულება, ბრალდებულთა უმრავლესობა ერთმანეთს არც კი იცნობდა და ნებისმიერი ქმედება სპონტანურ ხასიათს ატარებდა. ასევე, ორგანიზაციის ანალიზით, ვერ დგინდება მიზეზობრივი კავშირი ბრალდებულთა სავარაუდო ქმედებებსა (მაგალითად, ქვის სროლა) და დაზარალებულად ცნობილი პოლიციელების კონკრეტულ დაზიანებებს შორის.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ერთ-ერთ პროცესზე, ინსაფ ალიევის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის 10,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

«მე არსად გავიქცევი, სამსახურში დამაკავეს, 3 წლის ბავშვი მყავს, ასევე მყავს მოხუცი ბებია. ყველას მე ვინახავ და შესაბამისად არსად გავიქცევი»

ალიევის სასამართლოსდამი მიმართვა

მიუხედავად ამისა, პროკურატურა "მიმალვის საფრთხისა" და "განმეორებითი დანაშაულის ჩადენის" მოტივით "რეჟიმის ტყვეების" პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. (საქმის საწყის ეტაპზე მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ რვავე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა სათათბიროდ გასვლის გარეშეც კი).

ინსაფ ალიევის საქმე, ისევე როგორც ამ ჯგუფის სხვა წევრებისა, სავსეა სამართლებრივი კითხვის ნიშნებით. ენის ბარიერი კიდევ უფრო აბსურდულს ხდის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებას, ხოლო მტკიცებულებების სავარაუდო უკანონობა და დანაშაულის შემადგენლობის არარსებობა აძლიერებს ეჭვებს საქმის პოლიტიკურ მოტივაციასა და მიზანმიმართულ დევნაზე.