გოშაძე
თორნიკე გოშაძე 24 წლის, უმუშევარი ახალგაზრდაა სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, დედასთან და დასთან ერთად. ის აქტიურად იზიარებდა რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციების სულისკვეთებას და, როგორც ცნობილია, ხშირად ესწრებოდა მათ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მასზე ემოციურად იმოქმედა კადრებმა, სადაც ჩანს, როგორც სცემენ მოქალაქეებს სპეცრაზმელები. მისი და კიდევ 7 პროტესტის მონაწილის (ვასილ კაძელაშვილი, ვეფხია კასრაძე, ზვიად ცეცხლაძე, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გორგაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ინსაფ ალიევი) წინააღმდეგ აღძრული საქმე, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დეტალური შესწავლის შემდეგ „პოლიტიკურად მოტივირებულად“ აფასებს, მიზნად ისახავდა საზოგადოების, განსაკუთრებით კი სტუდენტებისა და ახალგაზრდების დაშინებას.
თორნიკე გოშაძე პარლამენტთან გამართული აქციების დროს დააკავეს. მას, კიდევ ოთხ პირთან ერთად, პროკურატურამ ბრალი წაუყენა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის (სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილი), რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. (სამ სხვა პირს კი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ედება ბრალი). დაკავების პროცესი, ადვოკატის მიერ გადმოცემული თორნიკეს მონათხრობით, ძალისმიერი იყო:
«კარებზე წიხლი მოარტყეს და ისე შემოვიდნენო, ეძინათ. სახლის დათვალიერების შემდეგ ჰკითხეს - ფულს რამდენ გიხდიან, აქციებზე რომ დადიხარო?“, - ყვება ადვოკატი, ნინო ლომინაძე თორნიკე გოშაძის მონათხრობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას»
საქმის გამოძიება, რომელიც სამ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, დასრულდა და 2025 წლის 6 მარტს წინასასამართლო სხდომაც გაიმართა. თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ საქმის 14 ტომის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულების ბრალეულობის დამადასტურებელი, კანონიერად მოპოვებული და დამაჯერებელი მტკიცებულებები საქმეში უბრალოდ არ არსებობს. ორგანიზაციის დასკვნით, ბრალდებულები უდანაშაულოები არიან, რადგან „სახეზე არ არის ბრალად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობა“.
სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის თავმჯდომარეობით, ასევე დაძაბულად და სადავო გარემოებებით წარიმართა. მოსამართლემ რვავე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა, თანაც ეს გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ სათათბიროდ არც კი გასულა. ამას წინ უძღოდა პროცესზე ადვოკატების მიერ პირობების გაპროტესტება, რასაც მოსამართლის მხრიდან ბრალდებულებისთვის სახაზინო ადვოკატების დანიშვნა და დარბაზიდან ოჯახის წევრების ძალის გამოყენებით გაყვანა მოჰყვა. ანგარიშში ასევე კრიტიკულად არის შეფასებული სასამართლო კონტროლის არარსებობა ჩხრეკებზე - მაგალითად, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ერთ დღეში 21 ჩხრეკის კანონიერად ცნობის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რაც საფუძვლიანი შესწავლის შეუძლებლობაზე მიუთითებს.
ორგანიზაციის ანალიზით, ბრალდების მთავარი „მტკიცებულებები“ - სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ პორტალებზე ატვირთული ვიდეო/აუდიო მასალა - სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით, სასამართლოს ნებართვის გარეშეა მოპოვებული და შესაბამისად, დაუშვებელია. „მოწამლული ხის ნაყოფის“ დოქტრინის თანახმად, ასეთი მტკიცებულებებიდან გამომდინარე სხვა მასალებიც (ჩხრეკის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები) კარგავს იურიდიულ ძალას.
გარდა მტკიცებულებების დაუშვებლობისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ხაზს უსვამს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (ჯგუფური ძალადობა) მოითხოვს წინასწარ ორგანიზებული ჯგუფის არსებობას, რაც ამ საქმეში არ დასტურდება. ბრალდებულთა უმრავლესობა ერთმანეთს არც კი იცნობდა დაკავებამდე და მათი ქმედებები, თუკი რაიმეს ჰქონდა ადგილი, იყო სპონტანური და არა ორგანიზებული. ასევე, ვერ დგინდება მიზეზობრივი კავშირი ბრალდებულთა სავარაუდო ქმედებებსა და დაზარალებულად ცნობილი პოლიციელების მიერ მიღებულ კონკრეტულ დაზიანებებს შორის, რაც გამორიცხავს მათთვის სხვა, შედეგზე დაფუძნებული დანაშაულების (მაგალითად, ცემა ან ჯანმრთელობის დაზიანება) დაბრალების შესაძლებლობასაც.
ზეწოლა მხოლოდ თორნიკეზე არ შეჩერებულა. მისი დედა, მარიზი (მარია) კობახიძე, რომელიც აქტიურად იცავს შვილის უფლებებს, შვილის დაკავებიდან თვეების შემდეგ სასამართლოში დაიბარეს 23 იანვარს გზის გადაკეტვის ადმინისტრაციულ საქმეზე. თავად მარიზი ამ ფაქტს პირდაპირ ზეწოლად აფასებს: "არ აქვს ამას მნიშნელობა იმიტომ, რომ მათ ასე უნდათ და ასე ჩათვალეს." ის შეუპოვრად აგრძელებს ბრძოლას და ღიად აკრიტიკებს სისტემას, რომელმაც მისი შვილი დააპატიმრა.
«მე ვიამაყებ ჩემი შვილით და ამათ შვილებს შერცხვებათ თავისი დედების და მამების»
Loading...
თავად თორნიკე გოშაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში სიმტკიცეს ინარჩუნებს. ის დედას სთხოვს, გაიღიმოს და წერს, რომ თუ ადრე ქვეყნიდან წასვლაზე ოცნებობდა, ახლა მისი მთავარი სურვილი სამშობლოში დარჩენაა, თუნდაც გისოსებს მიღმა:
«მთვარეზეც კი ვერ ვიქნები მშვიდად როცა ჩემი ქვეყანა და ხალხი ასეთ დღეში მეგულება»
ის ოჯახს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან "რეჟიმი ისეთ პანიკაშია, არავინ ვიცით რაზე არიან წამსვლელები." თორნიკესა და მისი დედის შეუპოვრობა, სადავო სასამართლო პროცესისა და მათზე განხორციელებული ზეწოლის ფონზე, მოქალაქეობრივი პოზიციის დაცვის სიმბოლოდ იქცა
"მთვარეზეც კი ვერ ვიქნები მშვიდად, როცა ჩემი ქვეყანა და ხალხი ასეთ დღეში მეგულება" - თორნიკე გოშაძის წერილი ციხიდან
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დასკვნით, ეს საქმე არის ხელოვნურად შექმნილი, პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, რომელიც ეფუძნება დაუშვებელ მტკიცებულებებს და მოკლებულია დანაშაულის შემადგენლობას. ის წარმოადგენს მმართველი პარტიის მიერ საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაციისა და მონაწილეთა დაშინების მცდელობას, რაც ხელისუფლების მიერ წინასწარ დაგეგმილი დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია "ევრომაიდანის" მოწყობის მცდელობის შესახებ.