კასრაძე
2024 წლის 4 დეკემბერს, სამართალდამცავებმა 54 წლის ვეფხია კასრაძე დააკავეს. პარტია ლელოს წევრი, ცხინვალის თეატრის მსახიობი, ხუთი შვილის მამა და ვეტერანი, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში იბრძოდა, ახლა პატიმრობაში იმყოფება. მისი ოჯახის წევრები, კოლეგები და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ეს დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯია, რომელიც მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის ჩახშობას.
დაკავების პარალელურად გამომძიებლებმა მისი სახლი გაჩხრიკეს, დალუქეს და წაიღეს ყველა ელექტრონული მოწყობილობა, ხოლო მეორე დღიდან მის ოჯახს უთვალთვალებდნენ: „იარაღის ძებნა დაიწყეს, მე ბავშვების სათამაშო თოფები ამოვაწყე და ისინი მივაწოდე. გაუგებარია, რას ეძებდნენ, ჩემი მცირეწლოვანი შვილებიც იქ იყვნენ, მითხრეს გაარიდეო, სად უნდა გამერიდებინა? უკვე სახლში იყვნენ. პოლიციელებს ვუთხარი, აღარ ღირს ჩემს ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ სად გინდა წახვიდე, ყველანი ხომ არ წავალთ ამ ქვეყნიდან-მეთქი და თქვენ მშვიდად უნდა იყოთ და არ გექნებათ პრობლემებიო, ასე ბრძანა ერთ-ერთმა უფროსმა, ვინც იყო“, - იხსენებს ელენე კროტენკო, ვეფხიას მეუღლე. ის უკრაინელია, ოჯახის წევრების ნაწილი ისევ კიევში ჰყავს. ელენეც პროევროპული განწყობისაა და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, მისთვისაც მძიმე დარტყმა აღმოჩნდა. 2024 წლის არჩევნებზე შიდა ქართლში დამკვირვებელი იყო. ინგლისური ენის სპეციალისტია და ამბობს, რომ ერგნეთში ჩასულ საერთაშორისო ორგანიზაციებს არჩევნებზე მომხდარ დარღვევებზე დეტალურად ესაუბრა.
კასრაძე ბრალდებულია „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა“ და „ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში“. პროკურატურა საქმეს ფარულ ვიდეოჩანაწერს ამყარებს, რომელიც ხელისუფლების მხარდამჭერმა ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა. ჩანაწერში, კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი თითქოსდა ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებაზე საუბრობენ. თუმცა, კასრაძის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ჩანაწერის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის, ხოლო მტკიცებულება უკანონოდ არის მოპოვებული.
7 დეკემბერს მასთან ერთად ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობაში მონაწილეობის მუხლებით კიდევ 7 ბრალდებული იჯდა განსასჯელის სკამზე. 19, 20 და 21 წლის ახალგაზრდები. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ყველა მათგანს პატიმრობა შეუფარდა. 8 ბრალდებულიდან სამს: ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. დანარჩენ ხუთს, გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11 იანვარს ხუსკივაძემ აქციების ფარგლებში დაკავებული 8 პირის პატიმრობა ძალაში დატოვა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ბრალდებულები არ დასწრებიან. სხდომაზე არ ყოფილან ის ადვოკატები, რომლებიც ბრალდებულებს პირველივე დღიდან იცავენ. მათ პროცესი რამდენიმე საათით ადრე, პროტესტის ნიშნად დატოვეს იმ მიზეზით, რომ მათი შეფასებით, დარბაზში იყო ღირსების შემლახავი და არაადამიანური გარემო – სხდომა პატარა დარბაზში ჩატარდა, ხოლო მოსამართლემ დიდ დარბაზში გადაყვანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ვეფხია კასრაძემ სხდომაზე თქვა:
«მინდა, ყველა დაესწროს. შვილები და ახლობლები დავინახოთ, მგონი, ამის უფლება გვაქვს. თუ არადა, მაინც ფარსი და შოუა ყველაფერი და არ გვინდა, საერთოდ დავტოვებ სხდომას, არ მივიღებ მონაწილეობას»
ხუსკივაძემ არაფერი გაითვალისწინა.
დაცვის მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია გადამწყვეტი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს კასრაძის მონაწილეობაზე ძალადობრივ ქმედებებში. ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე, კასრაძის ადვოკატმა კახა კოჟორიძემ პროკურატურას მოთხოვა, დაესახელებინა ერთი ადამიანი მაინც, რომელსაც კასრაძე იცნობდა და რომელთანაც შეთანხმებული ჰქონდა ჯგუფური ძალადობა. პროკურატურამ კონკრეტული პასუხი ვერ გასცა. კასრაძის ადვოკატები ასევე დაინტერესდნენ, როდისაა ზემოხსნებული ფარულად გადაღებული ვიდეო, რადგან წარდგენილი ჩანაწერიდან ეს არ ირკვევა და არც პროკურატურას აქვს ამაზე საპასუხოდ, დამატებითი მტკიცებულება წარმოდგენილი.
„ასეთი შინაარსი ფიზიკურად ვერ იქნებოდა სხვა აქციებზე“, - განაცხადა პროკურორმა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულს კონკრეტული ფაქტობრივი კავშირი ძალადობრივ აქტებთან არ დაუდასტურდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 მარტს ის პატიმრობაში დატოვა.
«„ეს მხოლოდ ფრაზები არ უნდა იყოს, პროკურატურამ ეს ვარაუდები მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთოს, პროცესზე პროკურორმა ვერ დამისახელა ერთი პირიც კი, რომლის ქმედებაც ვეფხიამ დააორგანიზა. ვერ თქვეს, რა კანონსაწინააღმდეგო ქმედება მოჰყვა „დაორგანიზებულ“ ქმედებას, ვერ მიპასუხეს, ვკითხე: დამისახელეთ ერთი პირი, ვისი ძალადობრივი ქმედებაც ვეფხიამ, შესაბამისად, იურიდიული საფუძველიც არ არის!“, - ამბობს კახა კოჟორიძე და ამატებს: „ფიქრი არ არის დანაშაული“.»
ურისტისთვის, სასამართლო პროცესები, სადაც აქციების დროს დაკავებულების საქმეებს განიხილავენ, „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის გაცოცხლებაა, მიზანი პროტესტის ჩახშობა და ხალხის დაშინებაა.
6 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული რვავე დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა. სხდომაზე, რომელიც თითქმის 9 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი განიხილებოდა. მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ბრალდების მხარე ითხოვდა, "მიმალვისა და დანაშაულის ჩადენის მოტივით".
პროკურორის თქმით, ბრალდებულები აქციაზე ქვებს, შუშის ბოთლებს და იქვე ნაპოვნ საგნებს ისროდნენ პოლიციის მიმართულებით.
ერთ-ერთი ბრალდებულის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა საქმის მასალებს დაურთო თავდებობის განცხადება, რომელიც საპროტესტო ბანერითაა გამოხატული. ბანერის ერთ მხარეს ეწერა - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, მეორე მხარეს კი იმ მოქალაქეების ხელმოწერები იყო, რომლებიც მხარს უჭერენ ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებული დემონსტრანტების გამოშვებას.
12 მარტს გამართულ სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. დაცვის მხარის ადვოკატების თქმით, საქმეში მტკიცებულებები არაა წარმოდგენილი ალათობის მაღალი სტანდარტით, რაც ადასტურებს დანაშაულის არსებობას. მათი თქმით, საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს და საქმე არ უნდა გადაეცეს არსებით განხილვას.
პროცესზე დაცვის მხარემ მოითხოვა პროკურატურის მიერ რიგი მტკიცებულებების დაუშვებლობა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და ბრალდების ეს მტკიცებულებები დასაშვებად ცნო.
ამის შემდეგ პროცესზე ადვოკატებმა მოსამართლე მგელიაშვილის აცილებაც მოითხოვეს.
კასრაძის ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ თქვა: „არსებობს გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მოსამართლის ობიექტურობას და მიუკერძოებლობას – თქვენ მიერ წინა სხდომაზე და დღეს მიღებულმა გადაწყვეტილებებმა პატიმრობის ვადის გაგრძელებასა და მტკიცებულებების დასაშვებობის შესახებ შექმნა არგუმენტების ერთობლიობა, რაც ქმნის იმის ვარაუდს, რომ თქვენ, სამწუხაროდ, ვერ იქნებით ობიექტური და მიუკერძოებელი”.
ამ შუამდგომლობას დაეთანხმა ყველა სხვა ადვოკატი და ბრალდებული. თუმცა, დავით მგელიაშვილმა მის აცილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
«მე ამ უსამართლობას შევაკვდები. შევაკვდები და ღიმილით მოვკვდები. თუ გინდა, მაწამონ, როგორც გინდათ, ისე მაწამონ, მე ამ უსამართლობას არ შევეგუები. მე ისეთ თავგანწირვას და თავდადებას გაჩვენებთ, რომ ჯერ არავის უნახავს»
მისი თქმით, მას უჩნდება განცდა, რომ მასზე ხდება მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა და სასამართლო აბსოლუტურად, ყოველგვარ სამართალს მოკლებულია. ეს არის მიკერძოებული სასამართლო, რომელიც ასრულებს ერთი კაცის დავალებას.
«როგორ გგონიათ ბატონო მოსამართლე, ბრძოლაში 20-წლიანი გამოცდილებით, საქმეს დავიჭერდი 19 წლის ბავშვებთან? არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ რამე კავშირი გვქონდა. როგორ უნდა დამემყარებინა ამ ადამიანებთან კონტაქტი? არ ვიცნობდი მათ, არ იყო სატელეფონო ზარი.. პირველად ვნახე ისინი და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ღიმილის ბიჭები გვყავს»
კასრაძისთვის პატიმრობა არა მხოლოდ თავისუფლების შეზღუდვა, არამედ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე თავდასხმაა. მას სუნთქვის პრობლემის გამო ცხვირის ოპერაცია ჩაუტარდა, ოპერაციის შემდგომი გართულების გამო 7 თებერვალს კვლავ კლინიკაში - „ვივამედში“ - გადაიყვანეს. აღსანიშნავია რომ იგი საკანში ოპერაციის დღესვე დააბრუნეს. ცოტა ხნით ადრე, საპროტესტო დემონსტრაციებზე დაკავებული კიდევ ერთი ადამიანის, რევაზ კიკნაძის ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი იუწყებოდა, რომ კიკნაძის ცნობით, მასთან ერთად ციხეში მყოფი დემონსტრანტი ვეფხია კასრაძე „ძალიან ცუდად არის“ და „სათანადო ყურადღებას არ აქცევენ“.
მისი მომდევნო სასამართლო სხდომა 24 მარტს გაიმართება. ამ დროისთვის, ოჯახის წევრები, უფლებადამცველები და მისი ადვოკატები ცდილობენ, საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება ამ საქმეზე გაამახვილონ.