Rustaveli Heroes
En

ქა

დაკავებული
ნაწამები
ძალადობა
პატიმარი
გ. ტერაშვილი
გიორგი
ტერაშვილი

53 წლის გიორგი ტერაშვილი, ისევე როგორც ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი, 2024 წლის დეკემბერში, თბილისში გამართულ პროევროპულ აქციებზე მონაწილეობის გამო დააკავეს. მათ ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ტერიშვილს სახლში დედასთან ერთად შვილები და შვილიშვილები ელოდებიან, ნაწილი საქართველოში, ნაწილიც კი საბერძნეთში. იგი ხშირად ესწრებოდა საპროტესტო აქციებს, რაც ნაწილობრივ გამოწვეული იყო პირადი ტრაგედიით - 1992 წლის 2 თებერვალს თბილისში, ცირკთან გამართულ დემონსტრაციაზე მისი ძმა სნაიპერის ტყვიით მოკლეს, როდესაც აქციის წინა რიგში დროშას აფრიალებდა.

დაკავებიდან 48 საათში, სასამართლომ 11-ვე დაკავებულს, მათ შორის გიორგი ტერაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმის არსებითი განხილვა იანვარში უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროკურატურამ გამოძიების ვადის ორი თვით გახანგრძლივება მოითხოვა, არგუმენტით, რომ მტკიცებულებების შესაგროვებლად დრო არ ეყოთ. მოსამართლემ მოთხოვნა დააკმაყოფილა, რაც აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საფუძველი გახდა.

ადვოკატების განცხადებით, პროკურატურამ ვერ წარმოადგინა კონკრეტული მტკიცებულებები ბრალდების დასამტკიცებლად და ვერც გამოძიების გახანგრძლივების საჭიროება დაასაბუთა, რადგან მათთვის მიცემული ორი თვეც ეფექტიანად ვერ გამოიყენეს.

Loading...

გიორგი ტერაშვილმა, ანატოლი გიგაურთან ერთად გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების 67-ე საკნიდან „ტვ პირველის“ რედაქციას წერიი მისწერა. ისინი მადლობას უხდიან მზია ამაღლობელს, უკანონოდ დაკავებულებსა და ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ევროპული და თავისუფალი მომავლისთვის იბრძვის. წერილში პატიმრები სტუდენტებისა და ახალგაზრდების სიმამაცეს, შეუპოვრობასა და ბრძოლისუნარიანობას განსაკუთრებით აღნიშნავენ და მათ საქართველოს თავისუფლებისა და გამთლიანების იმედად მიიჩნევენ. წერილი ევროპული ღირებულებების დამცველ საზოგადოებას მხნეობას უცხადებს და მათ ბრძოლას დილის სინათლეს ადარებს, “რომელიც ღამის წყვდიადს აპობს”.

Loading...

სასამართლო პროცესები გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი სამართლებრივი დარღვევებით. დაცვის მხარის განცხადებით, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ სრულად უგულებელყო უდანაშაულობის პრეზუმფცია. განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ წინასწარი პატიმრობის შეფარდებისას სასამართლომ არ განიხილა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების ალტერნატივები, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკას.

გიორგი ტერაშვილმა, ისევე როგორც სხვა ბრალდებულებმა, სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ ერთმანეთს არ იცნობდნენ და სხვადასხვა დღეს ედავებიან "ჯგუფურ დანაშაულს". პროკურორმა ვახტანგ ცაბუკელაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებულები მონაწილეობდნენ პოლიციელების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობრივ ქმედებებში, მიუხედავად იმისა, იცნობდნენ თუ არა ისინი ერთმანეთს. თუმცა, შესაბამისი მტკიცებულებები არ წარუდგენია.

Loading...

სასამართლოს ბოლო სხდომაზე მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე შეცვალა ირაკლი შვანგირაძემ, რამაც დაცვის მხარის პროტესტი გამოიწვია. ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლე შვანგირაძის აცილება მოითხოვა, რადგან ის მოსამართლეობამდე პროკურორი იყო. ასევე, მოითხოვეს პროკურორების, ვაჟა თოდუასა და ვახტანგ ცაბუკელაშვილის აცილებაც. მოსამართლე შვანგირაძემ აცილების შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.

მიუხედავად დაცვის მხარის მრავალგზის მოთხოვნისა, სასამართლომ კვლავ უარი თქვა ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიების განხილვაზე და წინასწარი პატიმრობა ძალაში დატოვა.

გიორგი ტერაშვილის საქმე, ისევე როგორც სხვა დაკავებულების, უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად შეაფასეს. ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" და "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) მიიჩნევენ, რომ ეს საქმე საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების ტესტია.