ქერაშვილი
ირაკლი ქერაშვილი 30 წლის პლასტიკური ქირურგი, მხატვარი და სისხლის უანგარო დონორია. ის პროევროპული აქციების დროს დაშავებულებს სამედიცინო დახმარებას უწევდა. 2024 წლის 6 დეკემბერს, დილით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა უცნობმა პირებმა—რომლებიც მოგვიანებით პოლიციელები აღმოჩნდნენ—ის სახლიდან წაიყვანეს და დააპატიმრეს. ბრალად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა წაუყენეს.
მისი დაკავება მეზობლებმა შემთხვევით გადაიღეს. კორპუსის სადარბაზოსთან სამი მანქანა ელოდა, საიდანაც კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გადმოვიდნენ და ირაკლი წაიყვანეს. მას მხოლოდ პოლიციის განყოფილებაში განუმარტეს, რომ ბრალი აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმაში ედებოდა.
ირაკლის გარეთ მშობლები, მოხუცი ბებო და შეყვარებული ელოდებიან. დაკავების შემდეგ დედას მისწერა:
« „უდიდესი ჯილდოა პატრიოტი ადამიანისთვის სამშობლოსთვის ტყვეობა და ეს იშვიათი ხვედრია!“»
მის ციხიდან გამოგზავნილ წერილებში ჩანს, რომ არ ნანობს იმ გზას, რომელზეც დადგა.
«გიყურებთ ტელევიზორში. თქვენი შემართება გვამხნევებს და გვაძლიერებს. აუცილებლად გავიმარჯვებთ! ერთი წამი არ იდარდოთ! სამშობლოსთვის აქ ყოფნა ბედნიერება და უდიდესი სიამაყეა. ამაზე დიდი საჩუქარი პატრიოტი ქართველისთვის არაფერია.»
ქერაშვილის საქმეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით განიხილავენ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ქერაშვილი ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის წევრი იყო და მისი საქმე განიხილება 10 სხვა ბრალდებულთან ერთად. ამავე დანაშაულს ედავებიან ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკსა და ანდრო ჭიჭინაძეს. ბრალდებულების განცხადებით გაუგებარია რატომ განიხილება მათი საქმე ჯგუფურად, რამდენადაც ერთმანეთს არ იცნობდნენ, პირველად სასამართლოზე ნახეს ერთმანეთი და არც მათი კომუნიკაციის დამადასტურებელი ფაქტი არსებობს.
ადვოკატი აღნიშნავდ, რომ საქმეში არ მოიძებნება არც ერთი ვიდეო ან ფოტო, რომელიც ამტკიცებს ქერაშვილის მონაწილეობას ძალადობრივ აქტებში. ერთადერთი მტკიცებულება ის ფოტოა, რომელიც გამოძიებამ აქციების ზოგადი კადრებიდან ამოიღო. სწორედ ამ ფოტოთი მოახდინეს 30 წლის ექიმის იდენტიფიცირება. თუმცა ადვოკატის ინფორმაციით ფოტოთი მხოლოდ ის დგინდება რომ ირაკლი ქერაშვილი აქციაზე იმყოფებოდა. ყველაფრის მიუხედავად პროკურატურამ ექიმის ბრალეულობა ასე დააკვალიფიცირა.
2024 წლის 10 იანვარს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ძალაში დატოვა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილება და ქერაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მიუხედავად დაცვის მხარის არგუმენტებისა, მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
პროკურატურამ პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება დაიწყო. საქმის არსებითი განხილვა იანვარში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ გამოძიების ვადის გახანგრძლივება მოითხოვეს, რაც კიდევ ორი თვით აჭიანურებდა პროცესს. პროკურატურის არგუმენტი იყო, რომ „მტკიცებულებების შესაგროვებლად მეტი დრო სჭირდებოდათ“. თუმცა, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ პროკურატურას მინიჭებული ეს ორი თვეც არ გამოუყენებია ეფექტიანად და დამატებითი დრო მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობის გაგრძელებას ემსახურება.
Loading...
5 მარტს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე ახალბედა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ შეცვალა, რომელმაც ფიცი 2024 წლის დეკემბერში დადო. უფლებადამცველები თვლიან, რომ ეს პროცესი მოსამართლის შეცვლის გამოყენებით „გაჭიანურების ტაქტიკის“ ნაწილია.
ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლე შვანგირაძის აცილება მოითხოვა, რადგან იგი აქამდე პროკურორი იყო. მანვე მოითხოვა პროკურორ ვაჟა თოდუას აცილება, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანეს. მოსამართლემ ორივე შუამდგომლობა უარყო.
Loading...
პროცესის არაერთი დარღვევის ფონზე მიმდინარეობს. პროკურატურის დაუსაბუთებელი ბრალდებებია – საქმეში არ არსებობს ვიდეო, ფოტო ან პირდაპირი მოწმე, რომელიც დაადასტურებს, რომ ქერაშვილმა ძალადობრივ აქტებში მიიღო მონაწილეობა.
იზღუდება დაცვის უფლება და ირღვევა საჯაროობის პრინციპი, რამდენადაც სასამართლო პროცესები პატარა დარბაზებში ინიშნება, სადაც ადვოკატებს ბრალდებულებთან კომუნიკაციის საშუალება არ ეძლევათ; პატიმართა ოჯახის წევრები და დაინტერესებული მხარეები ვერ ესწრებიან სხდომებს. დაცვის მხარე ასევე მიუთითებს პროცესის ხელოვნურ გაჭიანურებაზე, წინასასამართლო სხდომა ორჯერ გადაიდო, რაც პატიმრობის ვადის ხელოვნურად გაწელვას ემსახურება.
Loading...
25 მარტის პროცესი მოსამართლის გადაწყვეტილებით დახურული იყო. დაწყებისას ირაკლი ქერაშვილმა მოსამართლეს თხოვნით მიმართა - "ვინაიდან ემიგრაციიდან დაბრუნებული დედაჩემი ამაღამ მიდის, გთხოვთ, დაუშვათ სხდომაზე", თუმცა თხოვნა უარყოფილი იყო. „ნებისყოფა და მოთმინება გვჭირდება“, - თქვა იტალიიდან შვილის სანახავად ჩამოსულმა ქეთევანმა, რომელსაც ირაკლისთან შეხვედრა კიდევ ნახევარი წელი არ ელის.
ქერაშვილის ადვოკატების თქმით, ის მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ პროევროპულ აქციებში მონაწილეობდა. აღსანიშნავია რომ 2023 წლის მარტში, როცა “რუსული კანონი” პირველად დარეგისტრირდა პარლამენტში, ის იმ 100 ექიმს შორის იყო, რომლებმაც ღიად მოუწოდეს საქართველოს პარლამენტს, არ მიეღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. მისი ხელმოწერით ექიმებმა განაცხადეს, რომ „აგენტების კანონი“ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს შეაჩერებდა და სამოქალაქო საზოგადოების ხმას ჩაახშობდა.
Loading...
ქერაშვილის საქმე ნათლად აჩვენებს, როგორ იყენებს ხელისუფლება სასამართლო სისტემას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მასზე არ არსებობს რეალური მტკიცებულებები, ის კვლავ ციხეში რჩება. მისი ადვოკატები, ოჯახი და მხარდამჭერები მოითხოვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აღნიშნავენ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, რომელიც მიმართულია იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის.
«"ჯგუფურობა, რასაც გვედავებიან, არ ვიცი, სამწუხაროდ, სასამართლომდე ამ ფანტასტიურ ადამიანებს არ ვიცნობდი. ბრალდება დამნაშავეებს გვიწოდებს, მაგრამ მინდა მოგახსენოთ, რომ ვარ ექიმი, სისხლის უანგარო დონორი და ყოველთვის მაბედნიერებდა ჩემ ირგვლივ მყოფ ადამიანებზე ზრუნვა. მადლობას გიხდით, რომ ეს ფანტასტიური ადამიანები გამაცანით." »
«სასამართლოზე სიტყვით გამოსვლა ვერ შევძელი, ძალიან მტკიოდა თავი… ჯორჯ ორუელის „1984“-დან მინდოდა მეთქვა ეს სიტყვები: „დამხვრეტენ ფეხებზე მკიდია, კისერში მესვრიან ფეხებზე მკიდია, ძირს დიდი ძმა! ყოველთვის კისერში გესვრიან? ფეხებზე მკიდია, ძირს დიდი ძმა!“ საკნის კედელზე მიწერია: გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ »