ჯაბუა
2024 წლის 6 დეკემბერს, თბილისში 20 წლის სტუდენტი, ლუკა ჯაბუა, დააკავეს. იგი ზუგდიდიდან არის და თბილისში, “საქართველოს უნივერსიტეტში” ფსიქოლოგიას სწავლობს. დასაპატიმრებლად მის საცხოვრებელ ბინასთან 4-5 მანქანით 20-მდე პოლიციელი მივიდა. ლუკა ჯაბუას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
მასთან ერთად, ბრალდებული არიან ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, რევაზ კიკნაძე და კიდევ რვა პირი. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი თავს დაესხნენ სამართალდამცველებს და მათზე იძალადეს. ამ ბრალდებით თითოეულ მათგანს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
«მინდა გითხრათ, რომ წამით არ ვკარგავ შემართებას. თავი მაღლა მიჭირავს და ისეთი ძლიერი ვარ, როგორც არასდროს. ყოველდღიურად მეტად ვრწმუნდები, რომ ეს ყველაფერი ღირს თავისუფლებისთვის და სამშობლოს სიყვარულისთვის. ჩვენი ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე! »
ადვოკატ რუსუდან აგურაშვილის განცხადებით, ლუკა ჯაბუა აქციებზე მართლაც იმყოფებოდა, თუმცა საქმეში არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც მის მიერ ძალადობრივ ქმედებებს დაადასტურებდა.
ბრალში აღნიშნულია, რომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეები თავდასხმისთვის სხვადასხვა საგნებს იყენებდნენ, რაც განზოგადებული ბრალდებაა თერთმეტივე პირის მიმართ, და საქმეში არ ჩანს, რაში გამოიხატებოდა ჯგუფურობა, ან – თავდასხმა, ან ვის მიადგა ზიანი. მაგალითად, არ ჩანს, კონკრეტულად, ლუკა ჯაბუას მოქმედებების შედეგად ვინ დაზარალდა.
საქმის მასალებში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ლუკა ჯაბუა ჩანს, თუმცა, ადვოკატის მტკიცებით, ჩანაწერი არ ასახავს მის მხრიდან ძალადობას. გარდა ამისა, დაკავების და სახლის ორსაათიანი ჩხრეკის შემდეგ მის პირადი ნივთებიდან ამოღებულია მხოლოდ ტელეფონი, სათვალე და ევროკავშირის დროშა.
ლუკა ჯაბუას ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, ლუკას ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა, უსაფუძვლოა. ადვოკატის თქმით, სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, ის მუშაობდა, არჩენდა დედას და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ძმას. მას არ აქვს საზღვარგარეთის პასპორტი და არ ჰყავს საზღვარგარეთ ახლო ნათესავები. აგურაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ჯაბუა კვლავ ექვემდებარება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემას, რომელმაც პრიორიტეტად უნდა მიიჩნიოს მისი საუკეთესო ინტერესები - მიდგომა, რომელიც არ გულისხმობს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, წინასწარი პატიმრობის გამოყენებას. მიუხედავად ამისა, 10 იანვარს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილება ლუკას წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შესახებ ძალაში დატოვა.
«დედაჩემს სასამართლოზე ვუთხარი, რომ მის შვილს სიმართლისთვის სჯიდნენ და მადლობა დედას, რომ ის ამაყია. მადლობა, რომ სამშობლოს სიყვარული მასწავლა, რაც ყველაფრად ღირს. ჩვენ ზურგს გვიმაგრებს სიმართლე და წინაპართა, გმირთა შეძახილები. ამ უდიდესი ძალით აუცილებლად გავიმარჯვებთ, ნებისმიერ ფასად!»
პროკურატურამ პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება დაიწყო. საქმის არსებითი განხილვა იანვარში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ გამოძიების ვადის გახანგრძლივება მოითხოვეს, რაც კიდევ ორი თვით აჭიანურებდა პროცესს. პროკურატურის არგუმენტი იყო, რომ „მტკიცებულებების შესაგროვებლად მეტი დრო სჭირდებოდათ“. თუმცა, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ პროკურატურას მინიჭებული ეს ორი თვეც არ გამოუყენებია ეფექტიანად და დამატებითი დრო მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობის გაგრძელებას ემსახურება.
5 მარტს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე ახალბედა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ შეცვალა, რომელმაც ფიცი 2024 წლის დეკემბერში დადო. უფლებადამცველები თვლიან, რომ ეს პროცესი მოსამართლის შეცვლის გამოყენებით „გაჭიანურების ტაქტიკის“ ნაწილია.
«როდესაც ქართველი ხალხი ერთიანდება, მათ წინააღმდეგ ვერასდროს იზეიმებს უსამართლობა. ნაცრისფერი ხელისუფლება ცდილობს, ფერადი ბავშვები ნაცრისფრად შეღებოს. მაგრამ ჩვენ, ყოველდღიურად, ამ უსამართლობის ფერს ფერადად ვანგრევთ.»
ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლე შვანგირაძის აცილება მოითხოვა, რადგან იგი აქამდე პროკურორი იყო. მანვე მოითხოვა პროკურორ ვაჟა თოდუას აცილება, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანეს. მოსამართლემ ორივე შუამდგომლობა უარყო.
«მუხლებზე მდგარ სიცოცხლეს ფეხზე დამდგარი სიკვდილი მირჩევნია.»
ჯაბუამ ციხიდან წერილი გამოაგზავნა სადაც მადლობას უხდის მხარდამჭერებს და აცხადებს, რომ მისი ბრძოლა თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულისთვის ღირს. ეს იყო პასუხი ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის მიერ მოქალაქეებისგან რეჟიმის პატიმრებისთვის გაგზავნილ წერილებზე.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ მასზე განხორციელებული ძალადობრივი ზეწოლა არ მოადუნებს მის თავდადებას. მის წერილში მკაფიოდ ჩანს ახალგაზრდული იდეალიზმი და პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ.
Loading...