Rustaveli Heroes
En

ქა

დაკავებული
ნაწამები
ძალადობა
პატიმარი
ო. ცხადაძე
ონისე
ცხადაძე

ონისე ცხადაძე, 28 წლის იუმორისტი და სტენდაფერი, 2024 წლის 5 დეკემბერს თერჯოლაში, მისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ონისე ცხადაძე დაკავებამდე ძმასთან ერთად თბილისში ცხოვრობდა და პროევროპულ აქციებში მონაწილეობდა. 30 ნოემბრის დარბევისას, ორივე სცემეს, ხოლო ონისე ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა იცნო და გაუშვა: „შენ ის არ ხარ, სკეტჩებს რომ აკეთებსო?“

მეორე დღეს, დაშავებული ონისე თერჯოლაში გაემგზავრა და საპროტესტო მარშების ორგანიზება სცადა. 3 დეკემბერს გავრცელდა ვიდეო, სადაც ის სკოლაში რუპორით შედის. პროსამთავრობო არხებმა ამბავი დამახინჯებულად გააშუქეს.

4 დეკემბერს ონისემ ფეისბუქზე დაწერა: „სიმართლე არსად ჩანს. ჩამრთეთ ვინმემ, ხო შეიძლება?“ მეორე დღეს კი თერჯოლაში, ოჯახში დააკავეს. „ყველა კარიდან შევიდნენ სახლში, თითქოს ტერორისტი აჰყავდათ,“ – იხსენებს მისი ძმა.

პროკურატურა მას ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების განხორციელებაში ადანაშაულებს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის გათვალისწინებული. იმავე მუხლით ჯგუფურად ასამართლებენ ანდრო ჭიჭინაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუას, გური მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილის, რეზო კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს. დანაშაული ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცხადაძის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არც ერთ პირს ის არ იცნობს და იმ დღეს აქციაზე მარტო იყო, და ჯგუფურობა ამ საქმეში ვერ დადასტურდება.

ონისე ცხადაძის წინააღმდეგ წარდგენილი მტკიცებულებები რამდენიმე ვიდეოჩანაწერს მოიცავს. ერთ-ერთი ვიდეოში, პროკურატურის მტკიცებით, ჩანს, რომ იგი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავების მიმართულებით პატარა საგნებს, ჯოხს და ბოთლს ისვრის “რითაც საფრთხე შეუქმნა სამართალდამცველებისა და სხვა პირების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს”, თუმცა მასალებში არ არის ნაჩვენები, მოხვდა თუ არა ეს საგნები პოლიციელებს და თუ შექმნა მათთვის რაიმე რეალური საფრთხე. გამოძიების ფარგლებში ასევე ჩატარებულია ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, რომელმაც დაასკვნა, რომ ვიდეოში გამოსახული პიროვნება ონისე ცხადაძეა.

დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ცხადაძის ბრალეულობის დასამტკიცებლად არანაირი ობიექტური მტკიცებულება არ არსებობს. ადვოკატების აზრით, მისი დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა და ხელისუფლების მიზანს პროტესტის ჩახშობა წარმოადგენს. სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი აჩვენებს, რომ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის და შემდგომში ქეთევან ჯაჭვაძის მიერ ცხადაძის წინასწარ პატიმრობაში დატოვება დასაბუთებული არ ყოფილა – ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საფრთხეები, მათ შორის მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების ან ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა, მხოლოდ ჰიპოთეზურ საფუძველს ემყარებოდა. ადვოკატი ცუცქირიძე ხაზს უსვამს რომ დაკითხული პირების უმეტესობა პოლიციელები არიან და მათზე ზემოქმედებას კი ცხადაძე ვერ მოახდენდა. ასევე, მისთვის გაუგებარია, 158 პოლიციელის დაშავება რა კავშირშია იმ ბრალდებასთან, რასაც დაკავებულებს ედავებიან.

ცხადაძის კიდევ ერთმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ სასამართლოს გაცილებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულების მიმართ გირაოს გამოყენების პრაქტიკა შეახსენა, მაგალითად, სპორტსმენ ზვიად ზვიადაურის, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ.

როგორც ადვოკატები განმარტავენ, სასამართლო პრაქტიკაში ასეთი მიდგომა ევროპული სტანდარტების დარღვევად ითვლება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებითაა დაგმობილი.

„თავიდან დავიწყებ ჩემი სამოქალაქო პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ რთულია პატიმრობაში ყოფნა, არავისთვის არ არის მარტივი, არ მაინტერესებს, თუ დამტოვებთ პატიმრობაში. ამ ქვეყნის გულისთვის ადამიანები კვდებოდნენ და მეც არ მინდა ნაკლები გავაკეთო ვინმეზე,“ – განაცხადა ონისემ 10 იანვრის სასამართლო სხდომაზე.

სასამართლოსთვის წარდგენილ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ ცხადაძე აქციის დროს გზიდან პატარა საგანს იღებს და ბოთლს, ასევე ფერადი კვამლის კაფსულას ისვრის. „ასე ცუდად ვისვრი, ლამის ფეხში გავირტყი და ძალიან გთხოვთ, რომ თვითმკვლელობის მცდელობის გამო 500 ლარით დამაჯარიმოთ,“ – დასძინა მან. პარალელურად, ვიდეოებში ისმის სპეცრაზმელების მუქარა, გინება და სხვა სიტყვიერი შეურაცხყოფა აქციის მონაწილეების მიმართ.

პროცესზე ცხადაძემ ასევე გააკრიტიკა მასზე დაწესებული შესაძლო სასჯელის სიმკაცრე: „მაქსიმუმი რომ მომისაჯოთ, გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა ციხეში, ანუ თქვენი აზრით, მე ვიქნები მასზე ძალიან ცოტათი განსხვავებული დამნაშავე.“

სასამართლო სხდომის ბოლოს მან პროკურატურის არგუმენტების აბსურდულობის ხაზგასასმელად ასანთის კოლოფი ისროლა და ირონიულად დაამატა: „თუ ასევე ფიქრობთ, რომ ბოთლის სროლა დანაშაულია, რომელიც ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მაშინ მე მაქვს „სპიჩკის“ კოლოფი, რომელსაც პროკურატურის მიმართულებით ვისვრი და 3 თვე დამიმატეთ.“

ცხადაძის ადვოკატები და უფლებადამცველები ამბობენ, რომ საქმეში არც ძალადობის და არც ჯგუფური დანაშაულის ნიშნები იკვეთება. მათი შეფასებით, ბრალდების საფუძველს ქმნის ხელისუფლების სურვილი, ჩაახშოს საპროტესტო მოძრაობები. თავად ცხადაძემ პროცესზე განაცხადა: „ვისაც გსურთ ამ რეალობასთან შეგუება, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ არ ვეგუებით. რამდენი ხანიც არ უნდა მომიწიოს აქ ყოფნა, ვიცი, რომ თავისუფალ საქართველოში შევხვდებით.“

სასამართლო პროცესების განმავლობაში ცხადაძე არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზირებაზე. მან საპატიმროდან წერილიც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ მის საქმეს სამოქალაქო პროტესტის დათრგუნვის მცდელობად მიიჩნევს. მისი მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ სასამართლო პროცესების განმავლობაში მას უსამართლოდ ექცევიან და ხელისუფლება მის პატიმრობას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

აღსანიშნავია, რომ საქმის არსებითი განხილვა იანვარში უნდა დაწყებულიყო. მიუხედავად ამისა, პროკურატურამ გამოძიების ვადის გახანგრძლივება მოითხოვა, რაც კიდევ ორი თვით აჭიანურებდა პროცესს. არგუმენტი? მათ მტკიცებულებების შესაგროვებლად დრო არ ეყოთ. მოსამართლემ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ პროკურატურას უკვე მინიჭებული ორი თვეც არ გამოუყენებია ეფექტიანად და დამატებითი დრო მხოლოდ პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას ემსახურება.

5 მარტის სხდომაზე მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე შეცვალა ახალმა მოსამართლემ, ირაკლი შვანგირაძემ, რომელმაც ფიცი 2024 წლის დეკემბერში დადო. უფლებადამცველთა შეფასებით, მოსამართლის შეცვლა პროცესის "გაჭიანურების ტაქტიკის" ნაწილია და მიზნად ისახავს საქმის დროში გაწელვას .

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რადგან 4 მარტამდე საქმე ნინო თარაშვილს ეწერა. ადვოკატის განცხადებით, ასეთ მოკლე ვადაში ის მასალების (13 ტომი) გაცნობას ვერ მოასწრებდა. აცილების მეორე მიზეზად კი, მან მოსამართლის ყოფილი პროკურორობა დაასახელა. ადვოკატებმა ასევე მოითხოვეს სანქცირებული პროკურორების, ვაჟა თოდუას და ვახტანგ ცალუღელაშვილის აცილება მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შვანგირაძემ თქვა, რომ მართალია, საქმე წინა დღეს დაააწერეს, მაგრამ მან "საკმაოდ დიდი ძალისხმევა" ჩადო და გაეცნო.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) შეფასებით, ონისე ცხადაძის საქმე აკმაყოფილებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის N1900 რეზოლუციის „პოლიტიკური პატიმრის“ მინიმუმ ორ კრიტერიუმს. კერძოდ, მისი პატიმრობა შეესაბამება „პოლიტიკური მიზნებით“ თავისუფლების აღკვეთის შემთხვევას და ასევე, არის იმ სამართალწარმოების შედეგი, რომელიც აშკარად უსამართლო იყო და პოლიტიკურ მოტივებს უკავშირდებოდა.

ონისე ცხადაძის საქმე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. დასავლური ქვეყნები, მათ შორის აშშ და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, საქართველოს ხელისუფლებისადმი მზარდ კრიტიკას გამოხატავენ და მიუთითებენ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შეზღუდვაზე. საერთაშორისო ორგანიზაციები ცხადაძის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და მოითხოვენ მისი დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ ნაბიჯების გადადგმას.

ამ ეტაპზე, ონისე ცხადაძე კვლავ პატიმრობაში რჩება და მისი სასამართლო პროცესები გრძელდება. მისი დაცვის მხარე აცხადებს, რომ საქმეს ევროპულ სასამართლოში წაიღებს.

«ამ ქვეყნის გულისთვის ადამიანები კვდებოდნენ და მეც არ მინდა ნაკლები გავაკეთო ვინმეზე.»

ონისე ცხადაძე

Loading...

Loading...

Loading...