Rustaveli Heroes
En

ქა

დაკავებული
ნაწამები
ძალადობა
პატიმარი
რ. სივაკოვი
რუსლან
სივაკოვი

5 დეკემბერს დააკავეს 27 წლის რუსლან სივაკოვი. ის უკრაინის მოქალაქეა. ბრალდებულია 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მისი საქმე იმავე მუხლით სხვა დაკავებულების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას და გურამ მურცხულავას საქმეებთან იყო გაერთიანებული, მოგვიანებით ჯგუფს კიდევ რამდნეიმე პატიმარი დაემატა და ბრალდებულების რაოდენობამ 11 შეადგინა, სწორედ 11 პოლიტპატიმრის სახელით არის ცნობილი ეს საქმე საზოგადოებაში. დაკავებულები აცხადებენ რომ ერთმანეთს არ იცნობდნენ და პირველად სასამართლო სხდომის დარბაზში ნახეს, არ არსებობს მათი კომუნიკაციის დამადასტურებელი რაიმე ფაქტი და საქმის ჯგუფურად განხილვა უბრალოდ გაუგებარია, რომ არაფერი ვთქვათ უშუალოდ დანაშაულის შესახებ პირდაპირი მტკიცებულებების ნაკლებობაზე, დაშავებულ მოწმეთა მიერ პირების იდენტიფიცირების პრობლემაზე და არასამართლიანი გზით მოპოვებულ შესაძლო მტკიცებულებებზე.

სივაკოვმა პირველ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ არ მონაწილეობს საპროტესტო აქციებში და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩნდა, რამდენადაც ახლომახლოს ცხოვრობს. მან აღნიშნა რომ საქართველოში სამუშაოდ ჩამოვიდა, აქედან ფულს უგზავნის თავის ხანდაზმულ მშობლებს და ძმას, რომელსაც სიმსივნე აქვს და მოსამართლეს გათავისუფლება სთხოვა, რათა არ დაეკარგა სამსახური და შეძლებოდა ოჯახის რჩენის გაგრძელება. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მაინც შეუფარდა. 10 იანვარს კი მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ძალაში დატოვა მჭედლიშვილის გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია რომ ამ სხდომაზე ადვოკატებმა მოსამართლის, ქეთევან ჯაჭვაძის აცილება მოითხოვეს, აღკვეთის ღონისძიების გადახედვის განხილვის დაწყებიდან დაახლოებით ხუთი საათის შემდეგ. შუამდგომლობის საფუძველი გახდა მოსამართლის სიტყვა, პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად საქმის არსებითი განხილვის დაწყების ორი თვით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. საქმის არსებითი განხილვა იანვარში უნდა დაწყებულიყო.

5 მარტის სხდომაზე მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე შეცვალა ახალმა მოსამართლემ, ირაკლი შვანგირაძემ, რომელმაც ფიცი 2024 წლის დეკემბერში დადო. უფლებადამცველთა შეფასებით, მოსამართლის შეცვლა პროცესის "გაჭიანურების ტაქტიკის" ნაწილია და მიზნად ისახავს საქმის დროში გაწელვას .

ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის აცილება მოითხოვა, რადგან წინა დღემდე იცოდა, რომ წინასასამართლო სხდომა მოსამართლე ნინო თარაშვილს უნდა განეხილა, მაგრამ მან საქმე აიცილა. ადვოკატებმა არ იცოდნენ, რა გახდა აცილების საფუძველი და გამოთქვამდნენ ეჭვს, რომ შვანგირაძე 13 ტომის რამდენიმე საათში განხილვას ვერ მოასწრებდა. მხარეებს მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება პროცესამდე 5 დღით ადრე აქვთ, რაც მოსამართლის საქმის გასაცნობად დროის საჭიროებას გულისხმობს. გარდა ამისა, ირაკლი შვანგირაძე მოსამართლეობამდე პროკურორი იყო.

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა პროკურორ ვაჟა თოდუას აცილებაც მოითხოვა, რასაც ყველა ადვოკატი დაეთანხმა. ავსაჯანიშვილმა მეორე პროკურორის, ვახტანგ ცაბუკელაშვილის აცილებაც მოითხოვა, რისი საფუძველიც 3 მარტს ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ შემოღებული სანქციები გახდა, რომელთა შორის პროკურორ ვაჟა თოდუას ესტონეთმა სავიზო სანქციები დაუწესა. მოსამართლე შვანგირაძემ აცილების შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. მან აღნიშნა, რომ საქმის მასალებს გაეცნო და რომ უცხო სახელმწიფოების მიერ სანქცირებულთა სიაში შეყვანა აცილების საფუძველს არ წარმოადგენს.

მიუხედავად დაცვის მხარის მრავალგზის მოთხოვნისა, სასამართლომ კვლავ უარი თქვა ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიების განხილვაზე და წინასწარი პატიმრობა ძალაში დატოვა.